რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ვაგნერის დამფინანსებელი რუსეთის სამხედრო ინსტიტუტებს სულ უფრო მეტად აკრიტიკებს

Misha Japaridze/AP

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი, რომლის კავშირიც ვაგნერის ჯგუფთან რამდენიმე კვირის წინ დადასტურდა, სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ინსტიტუტებს.

"ვაგნერის ჯგუფის დამფინანსებელი, ევგენი პრიგოჟინი და ვაგნერთან დაკავშირებული სოციალური მედიები სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის ტრადიციული სამხედრო ინსტიტუტების არაეფექტურობაზე და, ასევე, განიხილავენ საზოგადოების მხარდაჭერის საკითხს, რამაც შეიძლება ირიბად შეარყიოს კრემლის მმართველობა", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ვაგნერის ჯგუფი რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ამასთანავე, ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამის არხები გამოეხმაურნენ ბელგოროდის საწვრთნელ მოედანზე სროლის ინციდენტს და აღნიშნეს, რომ მთავრობის გრძელვადიანი უუნარობის გამო შეეზღუდათ ცენტრალური აზიიდან მიგრაცია რუსეთში ამჟამად "მშვიდი სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს. 

გასულ თვეს რუსმა ბიზნესმენმა,  ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი საჯაროდ პირველად აღიარა.

ბიზნესმენის აღიარებამდეც, ევროკავშირის ანგარიშში ვკითხულობდით, რომ დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.

ანგარიში ასევე შეეხო რუსული ძალების მიერ 17 ოქტომბერს უკრაინაში უპილოტო და სარაკეტო დარტყმებს. 

"თავდასხმები კიევის საცხოვრებელ უბნებზე მანიშნებელია იმისა, რომ რუსული ძალები ბრძოლის ველზე სამხედრო წარმატებას ფსიქოლოგიურ ტერორს ამჯობინებენ". - წერს ორგანიზაცია. 

ანგარიშის თანახმად, 17 ოქტომბერს რუსეთმა 9 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინიდან გაუშვეს 43 უპილოტო თვითმფრინავი, რომელთაგან 37 უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს - მათგან უმეტესობა ირანული წარმოების იყო. 

კომენტარები