რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უშიშროების სამსახური: გავანადგურეთ ვაგნერის ორი ჯგუფი

ვაგნერის ჯგუფის სამხედრო უკრაინაში

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ხარკოვის რეგიონში ვაგნერის ორი ჯგუფი გაანადგურა. უწყებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ჩანს. 

უშიშროების სამსახურის ცნობით, ოპერაციის განხორციელება შესაძლებელი გახდა ადგილმდებარეობის საჰაერო დაზვერვით და ელვისებური იერიშით.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

რუსმა ბიზნესმენმა,  ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი საჯაროდ პირველად აღიარა. 

პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ 2014 წელს მან თავად შექმნა ვაგნერის ჯგუფი. მისი თქმით, მან თავად შეკრიბა კომპანია "ერთ-ერთ სასწავლო ბაზაზე", მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ იმ მებრძოლეების არაეფექტურობაში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში აპირებდნენ ბრძოლას. 

15 სექტემბერს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, პრიგოჟინი ჩანდა. ნავალნის ჯგუფის თქმით, პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრებს ვაგნერის ჯგუფში ჩასაწერად და უკრაინაში საბრძოლველად იბირებს.

ბიზნესმენის აღიარებამდეც, ევროკავშირის ანგარიშში ვკითხულობდით, რომ დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.

ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.

კომენტარები