ტრაგედია ვაკის პარკში

ფურცხვანიძე: ყველაფერი ნორმის დაცვით ჩატარდა, წინასწარ განზრახულ ქმედებას [ვუკავშირებ]

შპს გრინსერვის+-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციისას ყველაფერი ნორმის დაცვით ჩატარდა და მომხდარს სხვა ვერაფრით ხსნის, გარდა "წინასწარ განზრახული ქმედებისა".

ამის შესახებ ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ ისაუბრა. იგი ამბობს, რომ ტრაგედიამდე კომპანიის თანამშრომლები ჩართულ შადრევანში მუშაობდნენ, თუმცა არანაირი გარღვევა არ დაფიქსირებული.

"პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და ამას შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს". - თქვა მან.

მისივე თქმით, აპარატურა საქართველოში ჩამოსვლამდე იყო შემოწმებული. კითხვაზე უკავშირებენ თუ არა მომხდარს სხვა რამეს, ფურცხვანიძემ უპასუხა:

"ძაან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი, წინასწარ განზარხულ ქმედებას [ვუკავშირებ], სხვას ვერაფრით ავხსნი. ამას უკვე გამოძიება დაადგენს. იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, სამი საათი მუშაობდნენ ჩართულ აუზში, ამოწმებდნენ, ასწორებდნენ და მეტსაც გეტყვით, ძაღლიც ჩადის კადრები არსებობს, სამჯერ ჩახტა ძაღლი და არანაირი... ჩვენ ეს თითქმის ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი გარღვევა არ აღმოგვიჩენია. ძაან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება რა".

ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრინსერვისი+-მა შეასრულა. 

კომპანიამ მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის 6 500 000 ლარი მიიღო.  ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. 

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები