რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა 8 ირანული დრონი გაანადგურეს, რომელსაც რუსეთი იყენებდა

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

უკრაინულმა ძალებმა 14 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში შორ მანძილზე მოქმედი 8 ირანული ე.წ. კამიკაძე დრონი UAV Shahed-136 გაანადგურეს, რომლებსაც რუსი ოკუპანტები იყენებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 5 დრონი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს, 3 დრონი კი უკრაინის საზღვაო ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

დასავლეთის დაზვერვის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ირანისგან ასობით დრონი მიიღო.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის მიერ შეძენილი ირანული წარმოების დრონების დიდი ნაწილი წარუმატებლად ფუნქციონირებს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვით, გამოცემასთან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით რუსეთმა ირანისგან მიიღო Mohajer-6 და შაჰედის სერიის უპილოტო საფრენი აპარატები.

დრონების შესახებ ინფორმაცია ივლისის დასაწყისში თეთრმა სახლმა გაავრცელა - მათი ცნობით, რუსი ოფიციალური პირები სულ მცირე ორჯერ მაინც ეწვივნენ ირანს, რათა ენახათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინაში ომში გამოყენება სურდათ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ჟურნალისტებს სატელიტური ფოტოების შესახებ აცნობა, თქვა, რომ მოსკოვის მცდელობა, შეიძინოს დრონები თეირანიდან აჩვენებს, რომ რუსეთი "ფსონს ირანზე დებს".

კომენტარები