რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას AMRAAM-ის ტიპის რაკეტებს გადასცემს

NASAMS-ის სისტემა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას AIM-120-ის (AMRAAM) ტიპის რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა, ბრიუსელში ჩატარებული NATO-ს მინისტერიალის წინ განაცხადა.

ბრიტანული მხარე ამბობს, რომ თანმედროვე საშუალო მანძილის ჰაერი-ჰაერის რაკეტები (AMRAAM), რომლებსაც უკრაინას მომდევნო კვირებში მიაწვდიან, შესაძლოა გამოყენებულ იქნას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომლსაც კიევს აშშ გადასცემს.

ამას გარდა, ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სხვა რაკეტებს, დრონებსა და 18 ჰაუბიცას გადასცემს.

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყდა.

იერიშების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდა. ამას გარდა, პენტაგონში გამოაცხადეს, რომ უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დააჩქარებდნენ.

ასევე, მასშტაბური იერიშების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს დღეებში ბერლინისგან IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის 4 სისტემებს მიიღებდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა 12 ოქტომბერს თქვა, რომ IRIS-T-ს სისტემები უკრაინაში ჩავიდა.

NATO-ს მინისტერიალის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების პრიორიტეტულობას.

უკრაინას უახლოეს დღეებში საჰაერო თავდაცვით დახმარებას ჰპირდება საფრანგეთის პრეზიდენტიც, ემანუელ მაკრონი.

კომენტარები