რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: საჰაერო თავდაცვის ახალი ერა დაიწყო, გერმანული IRIS-T-ები უკვე უკრაინაშია

Oleksii Reznikov/twitter    

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკს რეზნიკოვის განცხადებით, გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე უკრაინაშია.

"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ერა დაიწყო. IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა. ამერიკული NASAMS-ები კი მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია. და ჩვენ გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. 

რამდენიმე თვის წინ, გერმანიის ფედერალური მთავრობა უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას დაპირდა. 11 ოქტომბერს Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინას დაპირებული ოთხი IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან ერთი უკვე მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ პირველი გადაცემა ნოემბერში იგეგმებოდა.

გერმანიის ფედერალური მთავრობის განცხადებით,  IRIS-T SLM არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა გერმანიაში. იგი შეიმუშავა გერმანული შეიარაღების კომპანია Diehl Defense-მა.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, სახმელეთო საზენიტო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, რუსული არმიის საჰაერო თავდასხმების მოგერიებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად. შოლცის განმარტებით, მიწოდებული ტექნიკით საჰაერო თავდასხმებისგან დიდი ქალაქების დაცვაც შესაძლებელია.

კომენტარები