რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა ოდესაში 3 რუსული რაკეტა და 5 ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა ოდესის ოლქში 10 ოქტომბრის დილას 3 რუსული რაკეტა და 5 ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ გაავრცელა.

"ოდესის ოლქში კვლავ რჩება საჰაერო თავდასხმის საფრთხე. მოსახლეობას მოვუწოდებ, შემდეგ გაფრთხილებამდე თავშესაფრებში დარჩნენ". - წერს მარჩენკო.

უკრაინის შეარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ კი 41 გაანეიტრალა. 

10 ოქტომბერის დილას უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. შსს-ს ცნობით, პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ღამით რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს – შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე. რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეც დაბომბეს – საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 მოქალაქე.  აფეთქებების ხმა ისმის დენპროში, ლვოვში, ხარკოვში. 

კომენტარები