დეოლიგარქიზაცია

აგვიხსნას რას გულისხმობდა – წულუკიანი დეგნანს დეოლიგარქიზაციაზე კომენტარის ახსნას სთხოვს

კულტურის სამინისტრო

ტელეკომპანია იმედის ეთერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონზე აქამდე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით კითხვა დასვა და სიტყვების განმარტება მოითხოვა.

აქამდე კელი დეგნანმა დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ რაიმეს აღება საქართველოზე მორგების გარეშე კარგად არ იმუშავებდა.

"დღეს მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი აშშ-ს ელჩის განცხადებას, იმედი მაქვს, ეს თავდასხმად არ ჩამეთვლება, მაქვს კითხვა: რას გულისხმობს ეს განცხადება? ყველას გვაქვს კითხვის დასმის უფლება, ასეთი ქვეყნის შენება დავიწყეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დროს ამ პრინციპზე უარი გვქონდა, ჩვენ ამ პრინციპს 2012 წლიდან ვერთგულობთ და ყველანაირი აზრი დაშვებულია, მათ შორის კითხვის დასმის უფლება არსებობს. ამ უფლებას ვიყენებ. რა არის შინაარსი? ვერ გავიგე. ალბათ თვითონ ქალბატონმა ელჩმა უნდა აგვიხსნას რას გულისხმობდა". – თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ის 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და კანონების სხვა ქვეყნებისგან გადმოღებასთან დაკავშირებით სხვანაირი გამოცდილება აქვს.

"მთავარია ახლა გაირკვეს რას გულისხმობდა ქალბატონი ელჩი, იმასთან დაკავშირებით, რომ კანონები სხვა ქვეყნიდან არ უნდა იყოს გადმოღებულიო. მე ცოტა სხვანაირი გამოცდილება მაქვს, 8 წელი იუსტიციის სამინსიტროს ვხელმძღძღვანელობდი... პირიქით, ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ გადმოვაკოპიროთ სხვა ქვეყნის კანონები". – დაამატა წულუკიანმა. 

წულუკიანის თქმით, დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი საქართველოსთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს, რადგან ის ევროკავშირში მოსწონთ. მისივე თქმით, ამ კანონს თავდაპირველად მხარს უჭერდა ოპოზიციაც, რომელიც საკითხს ზედაპირულად უყურებდა, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ის მიესადაგებოდა "ისეთ ნამდვილ ოლიგარქებს, როგორიცაა ბატონი ხაზარაძე, ბატონი კეზერაშვილი" და სხვები.

"ეს უკვე აღარ მოეწონათ და ეს კანონი აღარ უნდათ". – თქვა წულუკიანმა. 

წულუკიანის აზრით ოპოზიციონერებმა "გაუთვლელობისთვის უნდა აგონ სამართლებრივად პასუხი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების გზით".

კომენტარები