რთულია იმის თქმა, პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე ბლეფია თუ არა – CIA-ის დირექტორი

უილიამ ბარნსი

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ხელმძღვანელმა, უილიამ ბარნსმა აღნიშნა, რომ "ძნელი სათქმელია" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ბლეფია თუ არა. 

"ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ [ნებისმიერი] სახის მუქარა, იმის გათვალისწინებით თუ რა დევს სასწორზე. და, იცით, რიტორიკა, რომელიც მან და სხვა რუსმა მაღალჩინოსანმა ლიდერებმა გამოიყენეს, დაუფიქრებელი და ღრმად უპასუხისმგებლოა", - თქვა მან.

ბარსნის განმარტებით, CIA-ის ინფორმაციით, არ არსებობს სათანადო მტკიცებულები, რომ რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-ს ოფიციალური პირები ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდონ. 

"დღეს ვერ ვხედავთ რაიმე პრაქტიკულ მტკიცებულებას აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებაში, რომ რუსეთი უახლოვდება რეალურ გამოყენებას - არ არსებობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გარდაუვალი საფრთხე.", - აღნიშნა მან. 

გასულ კვირებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შანტაჟი განაახლა. 

პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დავიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს. 

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები