რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: შემოერთებული ტერიტორიების დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენებაც შესაძლოა

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

"21.09.22-ში უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილების რეზულტატი:

  1. რეფერენდუმები შედგება, დონბასის რესპუბლიკები და დანარჩენი ტერიტორიები რუსეთში იქნება მიღებული.
  2. შემოერთებული ტერიტორიების დაცვის გაძლიერება განხორციელებული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
  3. რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი დაცვისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას არა მხოლოდ მობილიზაციის შესაძლებლობა, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, სტრატეგიული ბირთვული და ახალი პრინციპების იარაღის ჩათვლით.

მაშასადამე, სხვადსხვა გადამდგარი იდიოტები, გენერლის ფორმებში, არ უნდა გვაშინებდნენ ყირიმზე NATO-ს იერიშებზე ლაპარაკით. ჰიპერბგერა გარანტირებულად შეძლებს ევროპასა და აშშ-ში მიზნებზე უფრო სწრაფად მიღწევას.

დასავლურ ისტაბლიშმენტმა კი, ზოგადად, NATO-ს ქვეყნების ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ რუსეთმა საკუთარი გზა აირჩია. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს". – წერს მედვედევი. 


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები