აფგან მუხთარლის გატაცება

გოგაშვილი: მუხთარლის გატაცების რამდენიმე ვერსიაა, მინდა საზოგადოებას ვუთხრა ნამდვილი

აფგან მუხთარლის გატაცების საქმე ზუსტად წარმოაჩენს ქართული ოცნების კრიმინალურ სახეს. სამწუხაროდ ეს გატაცების ერთ-ერთი შემთხვევა არ არის. თუ კარგად მოიკითხავთ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაუჩინარებული და რუსეთის ციხეში აღმოჩენილ მოქალაქეების ბედს, ყველაფერს მიხვდებით. ამას ოცნება აკეთებს, როგორც ტიპიური რუსული ბანდა.

მუხთარლის გატაცების რამდენიმე ვერსიაა, ამიტომ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ნამდვილი ინფორმაცია ამის შესახებ და ჩემი შემხებლობა ამ საქმესთან.

ვერსია 1 (ფეიკი): ოცნება ოფიციალურად ავრცელებდა ინფორმაციას თითქოს მუხთარლიმ გადაკვეთა უკანონოდ საზღვრის მწვანე ზოლი, სადაც მოხდა მისი დაკავება აზერბაიჯანული მხარის მიერ. ამის გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლაიშვილი (უდანაშაულოა) და ასევე კონტრდაზვერვის უფროსი ოთარ კუპრაშვილი (შემსრულებელი). საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად არასდროს იქამდე არ მომხდარა ფაქტი, რომ გადაეყენებინათ რომელიმე თანამდებობის პირი. ოცნებას მათი გადაყენება სჭირდებოდა რეალური დანაშაულის დასაფარად და მე-2 ფეიკ ვარიანტის გავრცელების გასამყარებლად.

ვერსია მე-2 (ფეიკი): ამ ვერსიას ოცნება კულუარულად ავრცელებდა საერთაშორისო პარტნიორებთან თავისი დანაშაულის გადასაფარად. ისინი ამბობდნენ არაოფიციალურ შეხვედრებზე, რომ აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს მუხთარლი ქალაქის ცენტრიდან, რაც ვერ გაიგო ქართულმა სპეცსამსახურებმა და ამის გამო გადააყენეს ორი მაღალი თანამდებობის პირი. ამ ამბავს ხმამაღლა ვერ იტყოდნენ, რადგან მეზობელთან შევიდოდნენ კონფლიქტში, რაც დაძაბავდა ურთიერთობას და ამაზე დუმილს, ამ ,,რისკით’’ ხსნიდნენ. რა თქმა უნდა ეს იყო მტკნარი სიცრუე. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როდესაც გომელაურმა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მოუყვა ამ ვერსიის შესახებ. გასაგები მიზეზების გამო მე ვერ დავასახელებ იმ ქვეყანას, რომელსაც წარმოადგენდნენ სტუმრები. მე მივხვდი, რომ მიზანი იყო ამ ყველაფრის აზერბაიჯანელებისთვის გადაბრალება.

ვერსია მე-3 (რეალური): 2017 წლის 25 მაისს, ჩემთან მოდულში სამუშაო კაბინეტში შემოვიდა ოთარ კუპრაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ გომელაურმა მისცა დავალება, რომელსაც პირადად მეტყოდა უფროსი. რამდენიმე დღე სამსახურში ვერ მოვიდოდა და თან დასჭირდებოდა რამდენიმე თანამშრომელი. მე მას ვუთხარი, რომ გასაგები იყო და მეტი კითხვა არ დამისვამს. ოთარ კუპრაშვილი იყო ღარიბაშვილის დანიშნული კადრი, მას ენდობოდა გომელაური, ისინი ერთად ფლობდნენ რესტორანს მცხეთაში. რამდენიმე დღის შემდეგ, 29 მაისს, შიდა ტელეფონით დამირეკა გომელაურმა და თავის კაბინეტში დამიბარა. როდესაც შევედი და შევხედე, სახე ჰქონდა წაშლილი და იყო ძალიან განერვიულებული, აგინებდა კუპრაშვილს. როცა ვკითხე რა მოხდათქო, მითხრა:

- შეფის (ბიძინა ივანიშვილი) დავალება იყო მუხთარლის გადაგდება აზერბაიჯანის საზღვარზე, ეს დავავალე ამ სირ კუპრაშვილს, რომელსაც ობიექტი უნდა ჩაესვა მანქანაში, მაშინ როდესაც ის მარნეულში გაემგზავრებოდა. ამ სირმა ადგა და ქალაქის ცენტრიდან გაიტაცა. მე მაგის დანახვა არ მინდა, შეიძლება შემომაკვდეს, დაუძახე შენ და სასწრაფოდ ზუსტი გადაადგილების მარშრუტი შეადგინონ, რა გზითაც იმოძრავეს ლაგოდეხის საზღვრამდე და ეს ყველაფერი დეტალურად აუხსნან ოტოს ბიჭებს. სანამ ქვეყანა შეიყრება, სასწრაფოდ კამერები უნდა წავაშლევინო.

მე გამოვედი ჩემს კაბინეტში და დავუძახე კუპრაშვილს. რამდენიმე წუთში ის შემოვიდა ჩემს ოთახში, აშკარად ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. დავსვი, ცოტა დამშვიდების საშუალება მივეცი და ვკითხე, რა მოხდათქო. თან გადავეცი გომელაურის დავალება. მან მოყვა შემდეგი დავალება:

- ხომ გითხრათ უფროსმა, წავიყვანე რამდენიმე ბიჭი, კახა თოფურია (გარდაიცვალა), რომელიც იყო კუპრაშვილის მოადგილე, გიორგი ტრაპაიძე (მთ. სამმართველოს უფროსი, რომელიც შემდეგ დააწინაურეს და ახლა არის კონტრდაზვერვის უფროსი), ზვიად ბალარჯიშვილი ( ამჟამად გ.ტრაპაიძის მოადგილე) ოფიცერი ერქომაიშვილი (ორის გვარი აღარ მახსოვს). მუხთარლი ქალაქიდან არ გასულა ამ დღეების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქგარეთ უნდა ჩამესვა, კარგი მომენტი ჩამივარდა და ქალაქში მოვკიდეთ ხელი, ჩავსვით და წავიყვანეთ ლაგოდეხის მიმართულებით. უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში და მან მითხრა, როდესაც საზღვართან მივიყვანდით, იქ დამხვდებოდა მინივენი, სადაც დამხვდებოდა ხალხი და მათთვის უნდა გადამეცა მუხთარლი. პირდაპირ გამშვებ პუნქტზე. ჩემს ტოიოტას ჯიპში (LC 200) და ვიჯექით მე და თოფურია, რომელიც მეუბნებოდა, რომ ამას აქ ნუ გააკეთებთო, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ იქვე სჯობდა გაკეთება და მე-2 მანქანაში ( ცისფერი ფერის ,,ჰიუნდაი’’ სედანი) ისხდნენ ოთხნი, კონტრდაზვერვის ბიჭები, რომლებიც მყავდნენ წაყვანილი. კუპრაშვილმა მითხრა ასევე, რომ თუ ამაზე ამბავი ატყდება, ხომ არ დამიჭერენო, მე ვუთხარი, რომ ვახო მაგარი გაბრაზებული იყო ზუსტად რომ არ შეგისრულებია მისი დავალება და ქალაქიდან წაგიყვანია, ამიტომ ახლა სჯობდა შეესრულებინა გომელაურის დავალება, წასულიყო ოტოსთან და ყველაფერი დეტალებში აეხსნა გადაადგილებისა და მარშრუტის ჩათვლით. მოგვიანებით ოტოში ჩასვლამდე კუპრაშვილი კიდევ შემოვიდა ჩემთან იმ ჯგუფთან ერთად, რომლებმაც გაიტაცეს მუხთარლი. გიორგი ტრაპაიძე, ზვიად ბალარჯიშვილი, ერქომაიშვილი(სახელი არ მახსოვს) და აწ გარდაცვლილი კახა თოფურია. ასევე იყო ორი ოპერ-მუშაკი, მათგან ერთი ოტოშნიკი, რომელიც უსმენდა მუხთარლის. მათი გვარები არ მახსოვს. მე მათ ვუთხარი, რომ უფროსი ყველანაირად გვერდში დაუდგებოდა და გადავეცი გომელაურის სიტყვები, რომ დეტალურად უნდა დაეხაზათ მოძრაობის მარშუტი და გადაეცათ ოტოს ბიჭებისთვის, რომლებიც კამერებს წაშლიდნენ. ასევე მოხდებოდა მათი (გატაცებაში მონაწილეების) კორპორატიული ნომრების გაუქმება, რადგან ანძებზე არ დაფიქსირებულიყო და მათ გადაეცემოდათ ახალი ნომრები. შემდეგ, როგორც საზოგადოებამ იცის, მუხთარლის გატაცების არანაირი კვალი არ დარჩენილა. მე ბუნებრივია ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარმოვადგენ ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებას.

ალბათ საზოგადოებას აინტერესებს მოტივი, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებს, რომელბსაც ბიზნესები აქვთ აზერბაიჯანში, იქაურ მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად, ამ პირებისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მუხთარლი იმყოფება საქართველოში და იქიდან აკრიტიკებსა და ლანძღავს აზერბაიჯანის მთავრობას. თუ ქართული მხარე მუხთარლის საქართველოდან გამოაძევებდა, აზერბაიჯანში ეს ფაქტი დადებითად აისახებოდა მათ ბიზნეს ურთიერთობებზე. ბუნებრივია, მათ ეს ინფორმაცია მიიტანეს ივანიშვილთან ხოლო მან თავის მხრივ ამ საკითხის გადაჭრა დაავალა მის ერთგულ მცველს, გომელაურს, რომელმაც თავის მხრივ ამ ფორმით გადაჭრა ეს პრობლემა.

ეს არის სრული სიმართლე, რისიც ძალიან ეშინოდა რუსულ ოცნებას, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა უკანონობისა და მუქარებისა ჩემი ოჯახის მისამართით.

წერს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ.

კომენტარები