აფგან მუხთარლის გატაცება

მუხთარლი: სოსო გოგაშვილის პროკურატურაში გამოკითხვას მოვითხოვთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მორიგი წერილის შემდეგ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გოგაშვილის პროკურატურაში დაკითხვას მოითხოვს. ის ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

სოსო გოგაშვილის წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა.

"საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ადვოკატის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომ ივანაშვილის დავალებით, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა გამიტაცა და კამერის კადრები წაშალა. სოსო გოგაშვილმა, როგორც უსაფტთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჩემი გატაცების ოპერაციის ყველა დეტალი იცის. ჩვენ მის პროკურატურაში დაკითხვას მოვითხოვთ". – წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.

მუხთარლი: ივანიშვილის დავალებით მოხდა ჩემი გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადიცია

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

კომენტარები