რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: სალივანი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი

აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მრჩეველს, იბრაჰიმ კალინს სტამბოლში შეხვდა, სადაც მაღალჩინოსნებმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლი ავრცელებს

მხარეებმა, რომელთა შეხვედრაც მედიისთვის წინასწარ გამოცხადებული არ იყო, ასევე განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საკითხიც. 

"შეხვედრის ფარგლებში, სალივანმა და კალინმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების, დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, თურქმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა დაგმეს". - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 


18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი 5 ივლისს მოაწერეს. ამის შემდეგ, მოკავშირეებმა ქვეყნების NATO-ში მიღების გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ, რომელიც 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები