რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კუპიანსკში ავტოკოლონის დაბომბვას 24 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის 13 ბავშვი და ორსული

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ კურილოვკასთან რუსების მიერ სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი და 13 ბავშვი.

ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

სინეგუბოვის თქმით, ხარკოვის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით, დაბომბვა მოხდა 25 სექტემბერს, დაახლოებით 9.00 საათზე.

" 24 ადამიანი, მათ შორის - ორსული ქალი და 13 ბავშვი. ასეთი საშინელი შედეგები მოჰყვა დამპყრობლების მიერ შვიდი მანქანის დაბომბვას კუპიანსკის რაიონის სოფლებს კურილოვკასა და პეშანოეს შორის. ეს არის ე.წ. "ნაცრისფერი ზონა". რუსებმა დამიზნებით ისროდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისკენ".- ამბობს ის. 

მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანი გადარჩა და ისინი ახლა ჩვენებას აძლევენ. 

სინეგუბოვის ინფორმაციით, ამჟამად დგინდება რუსების მიერ მოკლული მოქალაქეების ვინაობა, გრძელდება ამ ომის დანაშაულის დოკუმენტაცია და მტკიცებულებების შეგროვება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის.

 

კომენტარები