საქართველო-რუსეთი

ზურაბიშვილი გომელაურს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. მათ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ, საკითხთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც.

"საქართველოს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. 

პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

შეხევდრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვილივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია". – ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის პრესრელიზში.

ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელების მსურველების გრძელი, რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას. ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ სამ დღეში, როგორც რუსული მედია წერდა, 2 000 მანქანიანი რიგი დადგა.

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები