მობილიზაცია რუსეთში

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის

რუსეთის არმიის პროპაგანდისტული პოსტერი სანქტ-პეტერბურგში
Olga Maltseva/Agence France-Presse - Getty Images

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გამშვებ პუნქტთან ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანდრეი სერგეევი მივიდა.

ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

ამას გარდა, ჩრდ. ოსეთის შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იზრდება საქართველოსკენ მომავალი მანქანების რიცხვი. ასევე, ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს.

"ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ჩატარდა შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა ალანიას სასაზღვრო სამმართველოსა და ჩრდ. ოსეთის საბაჟოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით. 

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიღებული ზომების მიუხედავად, რომელთა შორისაა საგზაო პოლიციისა და საპატრულო-საპოსტო სამსახურის სადღეღამისო მოვალეობის გაზრდა, ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება, რაც მოითხოვს დამატებითი ზომების მიღებას მოქალაქეების უსაფრთხოების ორგანიზებისთვუს.

ამ მიზნით, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რისკებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაჩენის შემცირებისთვის, შეხვედრაზე მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოქალაქეებს საზღვარზე ფეხით გადასვლის უფლება მისცენ, ასევე დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები სასაზღვრო მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით. ამას გარდა, გამშვებ პუნქტზე, უახლოეს მომავალში განთავსდება სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი". – წერია ჩრდ. ოსეთის შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

არ არის დაზუსტებული, როგორ იმუშავებს სამობილიზაციო პუნქტი და რომელი რეგიონის მცხოვრებებს გაიწვევენ აქ. 

გასულ დღეს, 26 სექტემბერს ლარსის გამშვებ პუნქტთან გამოჩნდნენ რუსი სამხედროები და მათი ჯავშანტრანსპორტიორი. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ БТР-ი ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაა, თუ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გადასვლას გამშვები პუნქტის დარღვევის მეშვეობით და გაფორმების გარეშე შეეცდებიან.

ლარსის პუნქტთან რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელების მსურველების გრძელი, რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას. ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ სამ დღეში, როგორც რუსული მედია წერდა, 2 000 მანქანიანი რიგი დადგა.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები