საქართველოს ბანკის დაყაჩაღება

"14 პირი ჰყავდა მძევლად, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი" – შსს განცხადებას ავრცელებს

TV პირველი/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი, 1985 წელს დაბადებული გ.ნ. არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდაპირველად, ბანკში შეჭრილი პირი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვდა. ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა ეს მოთხოვნები ბანკში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს გააჟღერებინა, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი.

მოგვიანებით, თავდამხსმელმა მოთხოვნები შეცვალა. ერთ-ერთი მძევლის მიმარვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისი თქმით, თავდამსმელი 1.5 მილიონ დოლარს ითხოვდა და ორი პირის გარდა ყველა მძევალს გაათავისუფლებს.


აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის პირველი მცდელობა არ არის. 

2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ტერორისტი, ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ფილიალში დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

კომენტარები