საქართველოს ბანკის დაყაჩაღება

ბანკში შეჭრილი პირი ფულს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს

ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე ბანკში შეჭრილი პირი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს. ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა ეს მოთხოვნები ბანკში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს გააჟღერებინა, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი.

"ბანკის წინ ერთი მიკროავტობუსი, სპრინტერი უნდა. აგრეთვე, ძველ აეროპორტში ვერტმფრენი უნდა, 2 მილიონი დოლარი, რუსული დროშა და ანკესი". - მძარცველის მითითებით ამბობს ბანკში მყოფი ერთ-ერთი პირი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

შეიარაღებულ პირს ბანკში 12 მძევალი ჰყავს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს" - აცხადებს შსს. 

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის პირველი მცდელობა არ არის. 

2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ტერორისტი, ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ფილიალში დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

კომენტარები