საქართველო-ევროკავშირი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე პარლამენტი არცერთ ცვლილებას არ თანხმდება – ბურჯანაძე

Gio Burjanadze/Facebook

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე წერს, რომ ევროკავშირის მიერ შემუშავებული პუნქტების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი ჯგუფის მთავარი შეხვედრა დღეს, 19 სექტემბერს გაიმართა, თუმცა, მისივე ინფორმაციით, პარლამენტი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე არცერთ ცვლილებას არ თანხმდება. 

"დღეს 6 საათიანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტში ევროკავშირის წინაპირობების შესრულების თაობაზე სასამართლო სისტემის გარშემო:

ეს იყო მთავარი შეხვედრა ამ ჯგუფის ფარგლებში, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა იყო განსახილველი საკითხი:

სამწუხაროდ არცერთი განხილული საკითხი არ იქნა გათვალისწინებული.

1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მოსამართლეები +1 ხმა იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად როგორც დღესაა. ზოგგან მხოლოდ მოსამართლეების ხმები იქნება საჭირო; არაფერი იცვლება ამ მიმართულებით;

2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება". - წერს ბურჯანაძე. 

მისივე ინფორმაციით, პარლამენტმა არ გაითვალისწინა აშშ-ს საელჩოს არცერთი რეკომენდაცია, ჯგუფის წევრებმა კი მათგან ვენეციის კომისიის მოსაზრებების "სხვადასხვა ინტერპრეტაცია" მოისმინეს.

"ჩვენ პოზიციებთან მიმართებით შევთავაზეთ პარლამენტს ვენეციის კომისიისთვის მიმართვა, რათა მათ შეეფასებინათ ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას ჩვენი ვერსია (ამ არგუმენტს გვიყენებდნენ საბჭოს გადაწყვეტილების ცვლილების თაობაზე). პასუხად მივიღეთ რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და ვენეციის კომისიას ვერ ვკითხავთ ყველაფერზე აზრსო.

იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია მართლმსაჯულების გარშემო მიმდინარე საკითხების თაობაზე.

ევროკომიისის მიერ დადგენილი წინაპირობებიდან ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია სასამართლო და მის შიგნით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ("undertake a thorough reform of the High Council of Justice"). სამწუხაროდ ამ მიმართებით პარლამენტი არცერთ ცვლილებას არ თანხმდება ჯერჯერობით". - წერს ბურჯანაძე. 

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

18 აგვისტოს, ISFED-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში მათი ჩართვა დაბლოკა. ამის შემდეგ, აშშ-ს საელჩომ დაწერა, რომ  ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება და პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. საელჩოს შეფასებით, სამართლიანი არჩევნები საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საპასუხოდ თქვა, რომ საელჩოს განცხადება "როგორც თავად უყვართ თქმა, შოკისმომგვრელია". 

კომენტარები