საქართველო-ევროკავშირი

ISFED: ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში ჩვენი ჩართვა დაბლოკა

სამართლიანი არჩევნების [ISFED] ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში მათი ჩართვა დაბლოკა. ჯგუფი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი. 

"ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმატი არასამთავრობო სექტორის ფართო წარმომადგენლობას გამორიცხავდა. მმართველმა პარტიამ სასურველი მიმართულებით რეფორმებზე მუშაობის საშუალება არ მისცა ყველა მსურველ ორგანიზაციას, ვინაიდან თითოეულ სამუშაო ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სამუშაო ჯგუფების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების შერჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, განსხვავებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა. მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ამ ჯგუფში, არასამთავრობო სექტორის შეთანხმებით წარდგენილი, “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობაზე". - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED-ის შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება არის პირდაპირი დემარში სამართლიანი არჩევნებისა და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, "მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად". განცხადების მიხედვით, ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით.

"სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა. ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. 

სამართლიანი არჩევნები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი, და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, ორგანიზაციის არსებობის 27 წლის განმავლობაში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სამართლიანი არჩევნები მმართველი პარტიის პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვად აფასებს, რაც, მათივე განცხადებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 

"ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების - დასავლური ინტეგრაციის - ხელშეწყობისთვის". - წერია ISFED-ის განცხადებაში. 

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები