საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: ISFED-ზე აშშ-ს საელჩოს განცხადება, როგორც თავად უყვართ თქმა, შოკისმომგვრელია

"როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული". – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელიც პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) არმიწვევას ეხებოდა.

"მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი. ISFED-ი მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ISFED-ი აქაც მოგვევლინა რევოლუციური პროცესის თანამონაწილედ.

როდესაც ამის შემდეგ საელჩო ISFED-ს უწოდებს ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის ბუნებრივია, გასაკვირია. საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში გარკვეული ფაქტების გამო. საზოგადოება ისედაც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული ამერიკული დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია. როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს გაურკვეველი ტიპის განცხადებები, ეს ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის". – თქვა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

18 აგვისტოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე. ISFED-ის დაშვებამდე 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართული ოცნების შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შეწყვიტა.

საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები მიიჩნევენ, რომ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, ხოლო სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები