NDI-ის კვლევა

პაპუაშვილი NDI-ზე: პოლარიზაციას აღრმავებს – ყოველ ჯერზე ცდება და დასკვნები უნდა გამოიტანონ

ამ კვლევებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ როგორც მოქალაქეს. ჩვენ გვახსოვს NDI-ის კვლევა 2012 წელს, როდესაც მათ თქვეს, რომ ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა 10% და რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა 55%. არც პოლიტიკოსები ეყრდნობიან ამ კვლევებს, მოქალაქეებსაც თავისი სკეპტიციზმი აქვთ, ერთადერთი, რა შედეგიც მოაქვს ამ კვლევების გამოქვეყნებას, ეს არის კვლავ პოლარიზაციის გაღრმავება, ფრუსტრაციის გაღრმავება და დაბნეულობის გამოწვევა მოსახლეობაში.

ვერც ვხვდები, რა მიზანი აქვს ამ კვლევებს. ყოველ ჯერზე, როცა ეს კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი, რასაც ეს კვლევა იწვევს არის პოლარიზაციის გაღრმავება. მათ ადგილას დავფიქრდებოდი, ამ კვლევების ჩატარებას რამდენად აქვს აზრი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კვლევებს ნდობა არავის მხრიდან აღარ აქვს, სავალდებულო კომენტარების მიცემა გვიწევს და ერთი დღის ინფორმაციაა, რომელიც ისევ რადიკალიზაციას, პოლარიზაციას აღრმავებს, სხვა არანაირი გამოყენებითი დანიშნულება არ აქვს. ყოველ ჯერზე ცდებოდა და ვფიქრობ, დროა, თვითკრიტიკულად შეხედონ ამ პროცესს და დაფიქრდნენ, თავად ვნებს ამ მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ორგანიზაციის სანდოობას. ყოველ ჯერზე ეს კვლევა ცდება, მგონი, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუსას. 16 სექტემბერს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს.

კომენტარები