NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 51% არცერთ სატელევიზიო არხს არ ენდობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არცერთ არხს არ ენდობა. 

გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 51% არცერთ არხს არ ენდობა, 18% ენდობა იმედს, 8% მთავარ არხს, 5% რუსთავი ორს, 3% ტვ პირველს, 3% საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო 6% სხვა არხებს. 

ასევე, გამოკითხვით ირკვევა, რომ ახალგაზრდები ტელევიზიების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან, ხოლო 55+ ასაკის მოსახლეობა უპირატესობას ტვ იმედს ანიჭებს.

ქართული ოცნების მხარდამჭერთა ნახევარი ტვ იმედს ენდობა, ხოლო მეორე ნახევარი ან სხვა არხებს ენდობა, ან - არცერთს. 

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 17-23 მარტს მიმდინარეობდა და 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კომენტარები