თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ვიწყებთ თბილისის აეროპორტის განვითარებისა და გაფართოების პროექტს - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იწყებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა და გაფართოების მასშტაბურ პროექტს, რომელიც მისი თქმით, "მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია."

კობახიძე აცხადებს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტის "წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება."

"სახელმწიფოსა და ტავ ჯორჯიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც სრულად არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას, რის შედეგადაც საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საკვანძო როლი ეკისრება. თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა.

ამ პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა მგზავრთნაკადი, გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებები და ქართულ ბაზარზე ოპერირება არაერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო, წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით როგორც მგზავრთნაკადის ზრდის, ასევე ზოგადად ტურიზმის განვითარების.

გვქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც ბუნებრივია ავიაციაზეც სათანადოდ აისახა და მიუხედავად იმისა, რომ წელს კრიზისის ფონზე გვქონდა მცირე შენელება ივნისიც იყო რეკორდული, შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ წელსაც." - განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ 2024 წელს კობახიძემ თბილისში ახალი აეროპორტის აშენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იყო 2 ალტერნატივა, "ერთი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე - ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში." ივანიშვილის პრემიერმა მაშინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის აშენებაზე მიიღეს.

2025 წელს ივანიშვილის პრემიერმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის მოხსენებისას განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტის ვაზიანში გადატანა 2031 წელს მოხდება. 

კომენტარები