საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 250 ახალი სუბიექტის დამატებას აპირებს, რაც მისი თქმით, ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობა იქნება.
კალასის თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ სანქციების 21-ე პაკეტსაც, რასთან დაკავშირებითაც მხარეებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.
ამასთან, EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის სტრატეგიაც, რაც რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებასაც გულისხმობს.
ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ EU-ს ქართული ოცნების მთავრობასთან კავშირები არ აქვს: "საქართველოსთან სირთულეები გვაქვს, რადგან რეალურად მთავრობასთან კავშირები არ გვაქვს და არ გვსურს, მთავრობის მხარდაჭერა, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერა გვინდა. ჩვენ გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო გზა ამის მისაღწევად, რათა ხალხმა იმედი არ დაკარგოს." – თქვა კალასმა "ევროსკოპის" კითხვაზე პასუხისას.
ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიული მიდგომა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული კომუნიკეა, რომელიც რეგიონისთვის პრიორიტეტებსა და ინიციატივებს განსაზღვრავს. აღნიშნული გეგმის მიზანია, რომ შავი ზღვის რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდეს, უკეთ დაუკავშირდეს ევროპასა და ნაკლებად მოწყვლადი იყოს რუსეთის წინაშე.
2025 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობით რეგიონთაშორის უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა. მინისტერიალზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც განიხილეს, საქართველო არ მიიწვიეს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის ახალ საპარტნიორო მისიაზე შეთანხმებასაც აპირებს, რათა ქვეყანაში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება შესაძლებელი იყოს.




