რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი და ჩეხეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დაცვაზე შეთანხმდნენ

პოლონეთი და ჩეხეთი შეთანხმდნენ, რომ სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს დაიცავენ.

სლოვაკეთის დედაქალაქის მახლობლად, მალაკის სტრატეგიულ საჰაერო ბაზაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საჰაერო სივრცის ახალ პოლიტიკას არეგულირებს. 

NATO-ს მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ სლოვაკეთს საჰაერო დახმარებას გაუწევენ მანამ, სანამ, 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, ქვეყანა არ მიიღებს14 ახალ F-16-ს აშშ-სგან. სლოვაკეთი აშშ-სგან ავიაგამანადგურებელი F-16-ების მიღებას 2024 წლისთვის ელოდება.

პოლონეთი და ჩეხეთი უზრუნველყოფენ საჰაერო მხარდაჭერის საშუალებებს, რათა სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დარღვევას სათანადო რეაგირება მოჰყვეს. მოკავშირეთა მხარდაჭერის მსგავსი პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც საჰაერო პოლიცია, მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. 

პირველი სექტემბრიდან სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში პოლონეთის F-16 მოიერიშე თვითმფრინავები პატრულირებას დაიწყებენ. 

ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, ედუარდ ჰეგერი საუბრობდა, რომ NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემა განიხილებოდა. სლოვაკეთის MiG-ების ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი ევროა (299 მილიონი დოლარი).

სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე გადასცა.

კომენტარები