რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის ცა, თუ ისინი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემენ

სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი МиГ-29

პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის საკუთარ MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს. NATO-ს ორი წევრი სახელმწიფოს შეთანხმების შედეგად შესაძლოა უკრაინამ ავიაგამანადგურებელი MiG-29 მიიღოს. 

მანამდე, სლოვაკეთმა, რომელსაც 12 MiG-29 აქვს, აღნიშნა, რომ სურდა თვითმფრინავები უკრაინისთვის გადაეცა, თუ საკუთარი ცის დასაცავად რამე ალტერნატივას იპოვიდა

"პოლონეთმა დაადასტურა, რომ როდესაც ჩვენ თვითმფრინავების გადაცემას გადავწყვეტთ, პოლონეთი ჩვენს ცას დაიცავს". - თქვა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა. 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა თქვა, რომ პოლონეთს შეუძლია, ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვაში მიღებული გამოცდილება გამოიყენოს. პოლონეთი გეგმავს სლოვაკეთის ცა ამერიკული წარმოების F-16 თვითმფრინავებით დაიცვას.

"გავაფართოებთ პოლონეთის იმ სამხედრო ჯგუფს, რომელიც F-16 თვითმფრინავებს იყენებს". - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. 

სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე გადასცა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები