დუგინის შვილის აფეთქება

დუგინი შვილზე: რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის, თუმცა ჩვენს ხალხს ვერ გატეხენ

პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას აფეთქებას გამოეხმაურა და მომხდარს "ნაცისტური უკრაინის ტერაქტი" უწოდა. მისივე თქმით, დარია დუგინა იყო "ლამაზი მართლმადიდებელი გოგო, პატრიოტი, სამხედრო ჟურნალისტი", რომელსაც "არასდროს მოუწოდებია ძალადობისა და ომისკენ".

დუგინი წერს, რომ რუს ხალხს ასეთი დარტყმებით ვერ გატეხენ და ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

"რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის... თუმცა ჩვენ, ჩვენს ხალხს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც ვერ გატეხენ. მათ ჩვენი ნების ჩახშობა სურდათ სისხლიანი ტერორით საუკეთესოსა და ყველაზე დაუცველის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენს გულებს უფრო მეტი სურთ, ვიდრე შურისძიებაა, ეს ძალიან მცირეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ამას შეეწირა ჩემი ქალიშვილი. ამიტომ გაიმარჯვეთ, გთხოვთ!". - წერს პუტინისტი პროპაგანდისტი.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

კომენტარები