რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

სოლოვიოვი: სტივენ სიგალი დონბასშია, პირადად გაეცნო კიევის რეჟიმის დანაშაულებს

სტივენ სიგალი ოკუპირებულ დონეცკს ეწვია. მსახიობმა ოლინოვკის დაბომბილი კოლონია დაათვალიერა. ინფორმაციას რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი ავრცელებს.

"სტივენ სიგალი დონბასს ეწვია. მან მოინახულა ელოვნკის დანგრეული იზოლატორი, რომელშიც მარიუპოლელი ტყვეები, მათ შორის ნეონაცისტური ბატალიონის, აზოვის წევრები იმყოფებოდნენ. 

29 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა ციხის შენობა დაბომბეს. შედეგად დაიღუპა 50 და დაიჭრა 75 ადამიანი. მას შემდეგ რაც აზოვის წევრებმა ჩვენებების მიცემა დაიწყეს კიევის რეჟიმმა აზოველების განადგურება გადაწყვიტა.

მსახიობი პირადად გაეცნო მტკიცებულებებს, მათ შორის ამერიკული რაკეტების ნამსხვრევებს". – წერს სოლოვიოვი.

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. 2021 წელს ის პარტია Справедливая Россия - Патриоты - За правду-ს წევრი გახდა. მსახიობმა წლევანდელი დაბადების დღე მოსკოვში, სოლოვიოვისა და მარგარიტა სიმონიანის გარემოცვაში გადაიხადა.

29 ივლისს ოლინოვკაში მდებარე უკრაინელი სამხედრო ტყვეების იზოლატორი დაიბომბა. გარდაიცვალა 53 ადამიანი. რუსეთის მტკიცებით ციხეზე იერიში უკრაინელებმა ამერიკული HIMARS-ებით მიიტანეს. 

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოლენივკაში განზრახ და დამიზნებით, საარტილერიო ცეცხლის მეშვეობით, დაბომბეს იზოლატორი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

კომენტარები