ქართული ოცნება

მედიაკოალიცია ოცნების სარჩელზე: შეუთავსებელია დემოკრატიული მართვის პრინციპებთან  

კადრი ვიდეოდან / სირცხვილია / Facebook

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს ქართული ოცნების მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს ფორმულა, მთავარი არხი და ტელეკომპანია პირველი კამპანია შინ ევროპისკენ კლიპის ეთერში განთავსების გამო.  მედიაკოალიცია აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია. 

ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

"ქართული ოცნების შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული რგოლი [2] წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება ქართული ოცნების და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა"- აღნიშნავს ორგანიზაცია. 

მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში და ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან. 

"მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე. კამპანია შინ ევროპისკენ სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები. 

კომენტარები