რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ

The Washington Post

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შესაჩერებლად დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტონ. ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან რუსები სხვის მიწებს იტაცებენ. ზელენსკის განცხადებით, რუსებმა საკუთარ სამყაროში უნდა იცხოვრონ იქამდე, სანამ თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან.

"რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ ისინი, რომ რუსეთში წავიდნენ. მაშინ მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ - ამ ომს ჩვენთან კავშირი არ აქვს. მთელი მოსახლეობა პასუხისმგებელი ვერ იქნება, ეს შესაძლებელია? - დიახ, შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან და არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ეუბნებით მთელ მსოფლიოს, რომ ყველამ თქვენი წესებით უნდა იცხოვროს. ხოდა, წადით და რუსეთში იცხოვრეთ, ეს პუტინზე ზემოქმედებისთვის ერთადერთი გზაა". - ამბობს ზელენსკი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები