რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუს ტანკისტს, რომელმაც უკრაინაში კორპუსს ესროლა, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს ტანკისტს, მიხაილო კულიკოვს, რომელმაც უკრაინაში მაღალსართულიან კორპუსს ესროლა, უკრაინაში, დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, მას პროცედურული ხარჯების ანაზღაურებაც დაეკისრა, რაც 26 000 გრივნას შეადგენს. ის დამნაშავედ ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის ცნეს.

კულიკოვი და კიდევ ერთი რუსი სამხედრო, შიოტკინი უკრაინელმა ჯარისკაცებმა 26 თებერვალს ჩერნიგოვის ოლქის გარეუბანში დაატყვევეს. პროკურატურის ინფორმაციით, როდესაც კულიკოვი ტანკს მართავდა, მან შიოტკინისგან მიიღო ბრძანება, რომ მაღალსართულიანი კორპუსის მიმართულებით ესროლა.

კულიკოვმა კორპუსს ესროლა. ჭურვი შენობის მე-10 სართულზე მდებარე ბინის ფანჯარას მოხვდა. ჭურვმა ოთახში ვიტრაჟი და სამზარეულოში ფანჯარა გაანადგურა. ასევე, განადგურდა სახლის აივანიც. დაზიანდა იატაკი, ჭერი და გამათბობელი.

კულიკოვმა სასამართლო დარბაზში მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის უკრაინელ ხალხს ბოდიში მოუხადა.

კულიკოვი მეოთხე რუსი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაასამართლეს. მაისში რუს ჯარისკაცებს, ოლექსანდრ ივანოვსა და ოლექსანდრ ბობიკინს ხარკოვის ოლქის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტების სროლისთვის, რამაც სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კერძო სახლები დააზიანა, სასამართლომ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აგრეთვე, უკრაინის სასამართლომ კიდევ ერთ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა უკვე მიუსაჯა. უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები