რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინის პორტში სატრანსპორტო გემი შევიდა

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, შავი ზღვის პორტ ჩორნომორსკში სატრანსპორტო გემი შევიდა.

აქამდე, უკრაინის პორტების განბლოკვის შეთანხმების შემდეგ, უკრაინა მარცვლეულით დატვირთულმა ოთხმა გემმა დატოვა. 

"გადამზიდავი FULMAR S ჩორნომორსკის პორტში ჩავიდა და ჩატვირთვისთვის მზად არის". - ვკითხულობთ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს Facebook-ზე.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს. 

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". 

ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები