რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია უკრაინას მცირე ზომის დრონებსა და სამოქალაქო ფურგონებს გადასცემს

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინას მცირე ზომის დრონებსა და სამოქალაქო ფურგონებს გადასცემს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ზემოხსენებული ტექნიკის მიწოდება უკრაინის მთავრობის თხოვნის საფუძველზე მოხდება.

"რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას კვლავ აგრძელებს. ამის ფონზე, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ჩაფხუტები, დამცავი ნიღბები, ჯავშანჟილეტები, მცირე დრონები და ა.შ. თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები აუცილებლად გააგრძელებენ უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას". - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის მიერ უკრაინისთვის ივნისში გაგზავნილი 30 დრონი უფრო მეტად კომერციული გამოყენების იყო, ვიდრე თავდაცვითი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები