რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. ამის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 4 პირი კი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 3 ბავშვია. რუსებმა გაჩერებაზე იერიში დაახლოებით დილის 11 საათზე მიიტანეს, როდესაც ტრანსპორტს ბევრი ადამიანი ელოდებოდა. ინფორმაციას  დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

"გარდა ამისა, რუსების იერიშების შედეგად, დაზიანდა ეკლესია და დაშავდა შიგნით მყოფი მღვდელი. აგრეთვე, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა. რუსი ოკუპანტები ყოველდღე კლავენ და ჭრიან მშვიდობიან მოქალაქეებს. ვინც ჯერ კიდევ დონეცკის ოლქში ჩერდებით, თავს სასიკვდილო საფრთხეში იგდებთ. დროულად მოახდინეთ ევაკუაცია" - წერს კირილენკო სოციალურ ქსელში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები