მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. 

"ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის, ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს მსხვერპლი უკვე მოჰყვა და დაშავებულებიც არიან. აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრული დაცვა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნება, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებების გზები მოიძებნოს. ევროკავშირი ერთგული რჩება, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის". - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხედროებმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლის მოპოვება შეძლეს.

სამინისტროს განცხადებით, ოპერაცია "ანგარიშსწორების" ფარგლებში, აზერბაიჯანის არმიამ გირჰგიზისა და სარიბაბას სიმაღლეები აიღო და ასევე, სხვა "მნიშვნელოვანი დომინანტური სიმაღლე მცირე კავკასიონის მთათა ჯაჭვის, ყარაბაღის ქედის გასწვრივ".

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

აქამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, რომ ოპერაციის შედეგად, გაანადგურეს სომხური შეიარაღებული ფორმირებების საარტილერიო დივიზიონი და ერთი პოსტი. მათივე ცნობით, სომხურ შენაერთებში დანაკარგებია.

სომხურ მედიაში კი წერენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

სომხური მედიის ცნობით, ე.წ. ყარაბაღის თავდაცვის არმიის ერთი წარმომადგენელი ჭრილობების შედეგად დაიღუპა, ექვსი კი დაშავებულია. მებრძოლებმა ჭრილობები აზერბაიჯანული დრონის თავდასხმის შედეგად მიიღეს.

ლაჩინის რეგიონში მდებარეობს ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.

კომენტარები