რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. რუსების თავდასხმის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

"რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. მხოლოდ ბოლო 1 დღეში, დონეცკის ოლქში, მათ 3 მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს. 2 მათგანი ქალაქ მარინკაში დაიღუპა, 1 კი ბახმუტში. ჩვენს მიწაზე ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის რუსები პასუხს აგებენ", - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები