რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: აუცილებელია უკრაინის გათავისუფლება ნეონაცისტური განწყობების გამოვლინებისგან

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

"აუცილებელია უკრაინის გათავისუფლება ნეონაცისტური განწყობების ყველა შესაძლო გამოვლინებისგან"- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უკრაინის სეპარატისტული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის სიტყვების კომენტირებისას თქვა.

პუშილინის თქმით, უკრაინაში რუსული ქალაქების "ხელახლა გათავისუფლების დროა". პესკოვი ამბობს, რომ კრემლი ამ განწყობას მხარს უჭერს. 

"კრემლი მხარს უჭერს განწყობილებას, რომ აუცილებელია უკრაინის განთავისუფლება ზოგადად ნეონაცისტური განწყობილების ყველა შესაძლო გამოვლინებისგან... და აუცილებელია ზომების მიღება, რომლებიც რეალურად მიიღება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დონეცკსა და ლუგანსკში".- ამბობს პესკოვი. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები