რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: ოდესის პორტზე თავდასხმა გვიჩვენებს, რომ პუტინის არც ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება

Kuba Stezycki/Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა რუსეთის ოდესის პორტზე თავდასხმას აბსოლუტურად შემზარავი უწოდა.  მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ძალისხმევა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზების მოძიებისკენ უნდა მიმართონ.

"აბსოლუტურად შემზარავია, რომ ამ შეთანხმების დადებიდან ერთ დღეში, ვლადიმირ პუტინმა კვლავ დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი შეტევა ოდესაზე. ეს გვიჩვენებს, რომ მისი ნათქვამი არც ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკეთესი გზა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც რუსეთისა და მისი შეუსრულებელი დაპირებების მიღმა იქნება". - თქვა ლიზ თრასმა. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქმედი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, ახალი პრემიერმინისტრისა და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობისთვის ლიზ თრასი ყოფილ ფინანსთა მინისტრთან, რიში სუნაკისთან ერთად ბოლო ტურში იბრძვის. 

ბოლო ტურში კონსერვატიული პარტიის 200 000 წევრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმას საკუთარ კანდიდატს მისცემს. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

"მტერმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტს Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, 2-მა კი პორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურა". - წერს Telegram-ზე უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

კომენტარები