აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, რუსეთმა ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ვერც ერთი HIMARS-ის განადგურება ვერ მოახერხა.
"უკრაინელები HIMARS შესანიშნავად იყენებენ და შედეგი ბრძოლის ველზეც ჩანს". - აღნიშნა მილმა.
მანამდე, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 4 ახალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას გადასცემს, რაც აშშ-ს მიერ გაგზავნილ HIMARS 16-მდე გაზრდის.
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტების შესაჩერებლად წარმატებით იყენებენ აშშ-ს მიერ მიწოდებულ HIMARS-ებს, რომლის რაკეტებსაც დაახლოებით 70 კმ.-იანი რადიუსი აქვთ. 10 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა HIMARS-ით რუს ჯარს სულ მცირე 11 დარტყმა მიაყენეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი იმუქრება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე შეიარაღების გადაცემას რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გაზრდაც მოჰყვება.