რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ტორეცკი დაბომბეს – 6 ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"18 ივლისის დილიდან ქალაქი ტორეცკი დაიბომბა. იერიშების შედეგად 2-სართულიანი სახლი განადგურდა, რომელშიც ადამიანები იმყოფებოდნენ". - წერია განცხადებაში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები