საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია პრემიერის წერილზე: ოლიგარქიული მმართველობის დასტურია, რასაც თითქოს აპროტესტებს

"ეს წერილები ადასტურებს იმას, რასაც თითქოს აპროტესტებს". - ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილს.

ბოკერიას თქმით, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ან ზოგადად გონიერი ადამიანისთვის, თუ მან არ იცის საქართველოში რა ხდება - ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელიც აკონტროლებს მთავრობას და პრემიერმინისტრი "უბრალოდ პოლიტიკური არარაობაა", რომელიც ივანიშვილის დაქირავებულია - ეს წერილები არის ამის საუკეთესო საბუთი.

"ეს წერილები ივანიშვილისთვის იწერება და შესაძლოა რაღაც ნაწილისთვის მათ ვერტიკალში, მაგრამ ივანიშვილისთვის პერსონალურად". - ამბობს გიგა ბოკერია.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის და ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის "უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა" და "ფაქტობრივ უზუსტობებზე" საუბრობს.

ღარიბაშვილის თქმით, არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდება მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. პრემიერი წერს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია შვეიცარიულმა ბანკმა პირდაპირ გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. ირაკლი ღარიბაშვილი ფონ დერ ლაიენს მიმართავს, ევროკომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს "იმ უსაფუძვლო ბრალდებების" მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ის ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

პრემიერმინისტრის წერილი სრულად იხილეთ აქ.

კომენტარები