ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. გეგელია ამბობს, რომ ჩინეთით ევროკავშირისა და აშშ-ს "ჩანაცვლების" მცდელობა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია.
"დღეს დეფაქტო პრემიერმინისტრმა უკვე ღიად და დეკლარირებულად გამოაცხადა საქართველოს საგარეო განვითარების ძირითადი ტრაექტორიის შეცვლის მცდელობის შესახებ და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთი წარმოგვიდგინა. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩინეთთან ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში მოხსენიებულია ერთიანი ჩინეთი, მაგრამ არსადაა ნათქვამი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ეს არის ჩინეთი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებისა და საკუთრების უფლებას იცავს; ეს არის ჩინეთი, რომელიც NATO-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება - შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ძირითად ქართულ, ეროვნულ ინტერესს, საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ პრინციპებს და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ყველა ფუნდამენტურ მიზანს.
ე.წ. პრემიერის დღევანდელი განცხადება იყო 2024 წლის 28 ნოემბრის მოღალატეობრივი პოზიციის პირდაპირი და დაუფარავი გაგრძელება. ეს ქართველი ხალხისა და ჩვენი ეროვნული მიზნების სრული შეურაცხყოფა და ღალატია. ჩინეთი, რომელიც ერთპარტიულ, კომუნისტურ სახელმწიფოს წარმოადგენს, დღეს სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადეს, რადგან ამ რეჟიმის მიზანია, უარყოს ქართული დამოუკიდებლობის მოძრაობის ყველა მონაპოვარი, საქართველო საბჭოთა წარსულში დააბრუნოს და ერთპარტიულ, უამბიციო ჭაობად გადააქციოს [...]
ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ჩინეთი იყოს საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. გარდა ამისა, შუა დერეფნის გამართული ფუნქციონირებისთვის ჩინეთის ჯანსაღი ჩართულობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება, ჩინეთი იყოს და ვერც გახდება აშშ-ის და ევროკავშირის საპირწონე და ჩამნაცვლებელი სტრატეგიული პარტნიორი - მათ შორის, თუნდაც იმიტომ, რომ ჩინეთი არასოდეს დაუპირისპირდება და ვხედავთ, რომ არც უპირისპირდება რუსეთის იმპერიალისტურ ინტერესებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ჩინეთით აშშ-სა და ევროპის ჩანაცვლების მცდელობა იმ სავალალო კრახის გამოხატულებაა, რაც ამ რეჟიმმა ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებში იწვნია". - თქვა გეგელიამ.
დღეს, 10 ივნისს, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩინეთზე სასაუბროდ გამართა. კობახიძის განცხადებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის 9 ივნისს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არის "განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით".
კობახიძემ ბრიფინგზე მიმოიხილა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა, მისი თქმით, ეს არის "სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა". კობახიძის შეფასებით, "ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია".




