ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბახუაშვილი შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე 2026 წლის 23 მაისს დაინიშნა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.
გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს". - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სულხან თამაზაშვილს 6 მოადგილე ჰყავს. მათგან ორი გაგა კირკიტაძე და გიორგი ბახუაშვილი თამაზაშვილის მინისტრობისას დაინიშნენ, ხოლო 4 - ალექსანდრე დარახველიძე, როლანდ მესხი, გიორგი სახოკია და შალვა თადუმაძე იქამდეც დანიშვნამდე იკავებდნენ მინისტრის მოადგილეების პოსტებს.
საკადრო ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებში ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს ბრიფინგზე გამოაცხადა. ცვლილებებით, მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. სუს-ის უფროსად გეკა გელაძეს წარადგინეს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი იქნება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული.




