საქართველო-ევროკავშირი

ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური - პაპუაშვილი ევროკომისიასთან დიალოგზე

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დაგეგმილ დიალოგთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ეს არის "ტექნიკური დონის შეხვედრა."

"ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით წინაპირობები რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ და ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ.

მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდეც ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან, რაზეც ჩვენ ვთქვით რომ ეს შეუძლებელია, გამომდინარე ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან. 

ასე რომ, სამწუხაროა ის, რომ ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება და გამოყენება საქართველოს წინაააღმდეგ, რაც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება." - ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა შედგება.

5 ივნისს, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა ამ დიალოგის შესახებ და განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე "განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი."

საგარეოში აცხადებენ, რომ  "ევროკავშირის სავიზო რეგულაციის  ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი."

კომენტარები