საქართველო-ევროკავშირი

დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე

ევროკომისიის სპიკერის, მარკუს ლამბერტის განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის, შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერების საკითხს.

"2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველად 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები არიან.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ამაზე. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც ჩვენ "გაძლიერებულ დიალოგს" ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია.

ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. აი, რას ეხება ეს შეხვედრა.

​შეგახსენებთ იმასაც, რომ კომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.

​ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში." - ამბობს მარკუს ლამბერტი, ევროსკოპის ცნობით.


ცნობისთვის, როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა შედგება.

5 ივნისს, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა ამ დიალოგის შესახებ და განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე "განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი."

საგარეოში აცხადებენ, რომ  "ევროკავშირის სავიზო რეგულაციის  ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი."

დღეს, ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, "ჩვენ გვთხოვენ რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია უნდა შევიზღუდოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ ბრიუსელმა აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები და კიდევ ერთხელ, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება."

კომენტარები