რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის დაწყებულ ომს 353-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს მინიმუმ 353 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და 665-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა.

ამასთან ერთად, ჯამში, 2 138-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 221 მთლიანად განადგურდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები