საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი: ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება დასაშვები ორი სახელმწიფოს პირობით რჩება

AP Photo/Evan Vucci

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება "სტრატეგიულ ვარიანტად" რჩება, თუმცა მხოლოდ ორი სახელმწიფოთი გადაჭრის შემთხვევაში. ამის შესახებ მინისტრმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცე გაიხსნა ყველა სამოქალაქო თვითმფრინავისთვის და ფრენები ისრაელისთვისაც დაშვებული გახდა.

გუშინ, 15 ივლისს ჯო ბაიდენმა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის დროს ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის გადასაჭრელად ორი სახელმწიფო ორი ერის ფორმატს დაუჭირა მხარი.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ პარასკევს, 15 ივლისს გამოაცხადა, რომ ნებას რთავენ "ყველა თვითმფრინავს, რომელიც სამმართველოს მოთხოვნებს აკმაყოფილებს" იფრინონ სამეფოს საჰაერო სივრცეში. ამ გადაწყვეტილებაში ისრაელი პირდაპირ ნახსენები არაა, თუმცა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, საუდის საჰაერო სივრცის გამოყენება ისრაელის თვითმფრინავებსაც შეეძლებათ.

როგორც ისრაელის მედია გასულ დღეებში წერდა, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ წარმატებით მოხდა შეთანხმება საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს შორის, რის შედეგადაც რიადი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

ისრაელის მედია აღნიშნავდა, რომ ნორმალიზაციის ზომები მოიცავდა საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნასა და იერუსალიმისთვის შორეულ აღმოსავლეთში ფრენების დაშვებას, ასევე ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის მუსლიმი მომლოცველებისთვის პირდაპირი რეისების დაწყებას.

აშშ ცდილობდა, დაესრულებინა წითელ ზღვაში მდებარე ტირანისა და სანაფირის კუნძულების ეგვიპტისგან საუდისთვის გადაცემის პროცესი, მაშინ, როცა ბაიდენი ჯიდაში ვიზიტს გეგმავს და მონაწილეობას მიიღებს GCC+3-ის სამიტსა და საუდის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ შეხვედრებში.

ისრაელმა ორ კუნძულზე კონტროლი ეგვიპტეს 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გადასცა, იმ შეთანხმებით, რომ ისინი დემილიტარიზებული იქნებოდა და დარჩებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა ძალები. ისრაელს ასეთივე გარანტია სურდა საუდის არაბეთისგანაც, რათა შეთანხმება საბოლოოდ შემდგარიყო, მაგრამ რიადში თავს იკავებდნენ. გამოცემა Axios-მა 14 ივლისს დაწერა, რომ ისრაელმა ოფიციალური თანხმობა გამოაცხადა ამ კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით.

შეთანხმება სამართლებრივად კომპლექსურია, რადგან ქვეყნებს ერთმანეთთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი არ აქვთ, შესაბამისად, შუამავლების დახმარებით მუშაობენ. როგორც The Times of Israel-თან ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ თქვა, რიადი თავს იკავებდა შეთანხმების დეტალების გაწერისგანაც, რაც ისრაელის უკმაყოფილებას იწვევდა.

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე  მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

კომენტარები