ისრაელი

ბაიდენის ადმინისტრაციის შუამავლობით, საუდის არაბეთმა ისრაელს საჰაერო სივრცე გაუხსნა

ჯო ბაიდენი ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტში, დახვედრის ცერემონიაზე, 2022 წლის 13 ივლისი.
The Times of Israel

საუდის არაბეთში ჯო ბაიდენის ვიზიტის წინ, რიადი ისრაელს საჰაერო სივრცეს უხსნის. აშშ-ს თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გახსნა "კვალავს გზას უფრო ინტეგრირებული, სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთისთვის". 

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ პარასკევს, 15 ივლისს გამოაცხადა, რომ ნებას რთავენ "ყველა თვითმფრინავს, რომელიც სამმართველოს მოთხოვნებს აკმაყოფილებს" იფრინონ სამეფოს საჰაერო სივრცეში. ამ გადაწყვეტილებაში ისრაელი პირდაპირ ნახსენები არაა, თუმცა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, საუდის საჰაერო სივრცის გამოყენება ისრაელის თვითმფრინავებსაც შეეძლებათ.

გადაწყვეტილება გამოქვეყნდა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელიდან, ბენ გურიონის აეროპორტიდან საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჰაფრენამდე თითქმის 24 საათით ადრე.

"საუდის არაბეთთან და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ინტენსიური და ფარული დიპლომატიის შემდეგ, დღეს კარგი სიახლე გვაქვს. საუდის საავიაციო სამმართველომ გამოაცხადა, რომ ისინი საუდის საჰაერო სივრცეს ისრაელის ავიახაზებს გაუხსნიან". – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაფიდმა. 

ლაფიდმა ასევე მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ხელისუფლებას და თქვა, რომ მუშაობას გააგრძელებენ.

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის, ჯეიკ სალივანის თქმით, ეს რიადის ეს გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის პრინციპული დიპლომატიის შედეგია და "კვალავს გზას უფრო ინტეგრირებული, სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთისთვის". 

საჰაერო სივრცის გახსნას გამოეხმაურა თავად ჯო ბაიდენიც.

"დღეს მე ვიქნები შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელიდან ჯიდაში გადაფრინდება. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან მომენტს, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებამ შიძლება შექმნას იმპულსი რეგიონში ისრაელის მომდევნო ინტეგრაციისთის, მათ შორის საუდის არაბეთთან". – თქვა ჯო ბაიდენმა.

ისრაელის მედია გასულ დღეებში წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ წარმატებით მოხდა შეთანხმება საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს შორის, რის შედეგადაც რიადი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

ისრაელის მედია აღნიშნავდა, რომ ნორმალიზაციის ზომები მოიცავდა საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნასა და იერუსალიმისთვის შორეულ აღმოსავლეთში ფრენების დაშვებას, ასევე ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის მუსლიმი მომლოცველებისთვის პირდაპირი რეისების დაწყებას.

აშშ ცდილობდა დაესრულებინა წითელ ზღვაში მდებარე ტირანისა და სანაფირის კუნძულების ეგვიპტისგან საუდისთვის გადაცემის პროცესის დასრულებას, მაშინ, როცა ბაიდენი ჯიდაში ვიზიტს გეგმავს და მონაწილეობას მიიღებს GCC+3-ის სამიტსა და საუდის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ შეხვდერებში.

ისრაელმა ორ კუნძულზე კონტროლი ეგვიპტეს 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გადასცა, იმ შეთანხმებით, რომ ისინი დემილიტარიზებული იქნებოდა და დარჩებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა ძალები. ისრაელს ასეთივე გარანტია სურდა საუდის არაბეთისგანაც, რათა შეთანხმება საბოლოოდ შემდგარიყო, მაგრამ რიადში თავს იკავებდნენ. გამოცემა Axios-მა 14 ივლისს დაწერა, რომ ისრაელმა ოფიციალური თანხმობა გამოაცხადა ამ კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით.

შეთანხმება სამართლებრივად კომპლექსურია, რადგან ქვეყნებს ერთმანეთთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი არ აქვთ, შესაბამისად, შუამავლების დახმარებით მუშაობენ. როგორც The Times of Israel-თან ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ თქვა, რიადი თავს იკავებდა შეთანხმების დეტალების გაწერისგანაც, რაც ისრაელის უკმაყოფილებას იწვევდა.

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე  მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

კომენტარები