სოსო გოგაშვილი

სუს: გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ

სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებენ. როგორც სუს-ში ტაბულას უთხრეს, გოგაშვილი არა ახალ, არამედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. 

სუს-ში ასევე ამბობენ, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. ჩხრეკის შემდეგ კი მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 

დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.  

სოსო გოგაშვილის სავარაუდო ბრალდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფაა. გოგაშვილის დაკავების შემდეგ გონიოში მისი შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში გასაჩხრეკად მივიდნენ. ნინი გოგაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოში გამომძიებელი მას ჩხრეკის შესახებ განჩინებას აცნობს და ეუბნება, რომ განჩინება გაცემულია სსკ-ის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 157-ე მუხლი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ითვალისწინებს.  

გუშინ, 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა - ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. 

15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ “გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა”. გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები